მთავარი
Growth Framework2026

ცხრა შეცდომა, რის გამოც ბრენდები ფულს კარგავენ

წაკითხვის დრო: 14 წთ
გუკა გურგენიძე
გუკა გურგენიძე
Performance Marketing Lead
ცხრა შეცდომა, რის გამოც ბრენდები ფულს კარგავენ

ერთი რგოლი აკლია — Performance გიფუჭდება

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 13 ქართული სარეკლამო ანგარიში ავაწყვე, ვმართე ან გავაუდიტე. ბილეთების ონლაინ-პლატფორმა, ავიაბილეთები, სამი ელ-კომერცია, ორი დეველოპერი, ლიდ-გენი, B2B სტუდია, სამი მარკეტპლეისი. ჯამში — დაახლოებით $4.1 მილიონი სარეკლამო ბიუჯეტი, რომელიც ან ჩემი ხელით დაიხარჯა, ან ჩემი აუდიტის ქვეშ გაიარა.

ცოტა ხნის წინ ყველა ეს ანგარიში ერთ ცხრილში ჩავწერე და თითოეულზე ერთ კითხვას ვუპასუხე: რა იყო რეალურად გაფუჭებული? არა ის, რაზეც კლიენტი ჩიოდა — არამედ ის, რაც შედეგს რეალურად ზღუდავდა.

კლიენტი ამბობს: „CPC ძალიან ძვირია“. რეალური მიზეზი კი ასეთი იყო: საიტი რამდენიმე წუთი იტვირთებოდა. ან გვერდზე ფორმა საერთოდ არ იყო. ან ბიზნესს არასდროს ჩამოეყალიბებინა, რას ნიშნავდა მისთვის „წარმატება“.

და აი, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა:

პრობლემა თითქმის არასდროს იყო თავად რეკლამის ანგარიშში.

ბიდინგი, სტრუქტურა, აუდიტორიები — ეს ყველაფერი ვინმემ გამართოს, დიდად აღარ შველის, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ცხრა რგოლიდან ერთი მაინც აკლია. და ქართულ ანგარიშებში, ჩვეულებრივ, ერთზე მეტი აკლია.

რატომ არ მუშაობს აქ „სტანდარტული“ რჩევა

ინგლისურენოვანი მასალა — ბლოგები, კურსები, YouTube, და ახლა უკვე ChatGPT-ის პასუხებიც, რომლებიც სწორედ ამ მასალიდანაა აწყობილი — ზოგადად სწორია. პრობლემა ისაა, რომ ის დაწერილია ბაზრისთვის, სადაც:

  • ბიზნესმა იცის თავისი მარჟა და გიზიარებს;
  • CRM არსებობს და ოფლაინ გაყიდვები სისტემაში ჩანს;
  • მარკეტინგს აქვს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება;
  • აუქციონზე ათობით მოთამაშეა და არა ორი-სამი.

ქართულ ანგარიშებში ამ ოთხიდან, ხშირად, არცერთი არ სრულდება. ამიტომ რჩევა „ზოგადად სწორია, აქ კი — არა“. და ეს ყველაზე საშიში ტიპის შეცდომაა, რადგან ვერ ამჩნევ.

ცხრა რგოლი

ქვემოთ მოცემული ცხრა რგოლი ერთად ქმნის კონტროლს — მდგომარეობას, როცა იცი, რატომ მუშაობს ანგარიში, შეგიძლია ეს ახსნა და გადაწყვეტილებებს შენ იღებ.

ერთი რგოლი აკლია — და ანგარიში გაურკვეველი, არამომგებიანი, გაფანტული ან ჩიხში მოქცეული ხდება.

ცხრა რგოლი: განსაზღვრული მიზანი, მოგების გაზომვა, პროდუქტის ეკონომიკა, კრეატივის ამოცანა, მომხმარებლის პროფილი, ოფლაინ გაყიდვები, გვერდი და შეთავაზება, ლოკალური სტრატეგია და შენი ხმა. ერთად ისინი ქმნის კონტროლს.

ერთი შენიშვნა ციფრებზე: როცა ვამბობ „$4.1M“, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ამ პირობებში დაიხარჯა — exposure, არა გაზომილი დანაკარგი. ყველა ეს ფული დაკარგული არ ყოფილა. მაგრამ ყველა ეს ფული იხარჯებოდა ისე, რომ არავინ იცოდა, რამდენი იკარგებოდა.

ახლა — თითოეულ რგოლზე.

1. განსაზღვრული მიზანი

თუ არავინ დაწერს, რას ნიშნავს მოგება, მის ადგილს სხვისი ინტუიცია იკავებს — და შედეგს მაინც ამ ინტუიციით შეგიფასებენ.

როგორ გამოიყურება: ბიუჯეტი კომერციული დეპარტამენტიდან მოდის. ჩნდება მოთხოვნა — „ეს გავუშვათ“ — და მარკეტინგში არავინ იცის, ვინ მოითხოვა ან რას უნდა მიაღწიოს. ექვსი თვის შემდეგ შედეგი „ცუდია“ სტანდარტით, რომელიც არასდროს დაწერილა.

ბილეთების პლატფორმაზე წლების განმავლობაში ბიუჯეტი ინტუიციით ნაწილდებოდა. სამი მარკეტპლეისის აუდიტში ერთი და იგივე სურათი დამხვდა: მხოლოდ traffic და engagement კამპანიები, მიზანი — MAU-ის ზრდა, და არცერთი კონვერსია, რომელსაც ბიზნესი თავად აღიარებდა.

რატომ რჩება ასე: იმიტომ, რომ მიზნის დაწერა მარკეტოლოგს თავხედობად ეჩვენება. ფიქრობს, რომ ეს მენეჯმენტის საქმეა. მენეჯმენტი ფიქრობს, რომ ყველაფერი ისედაც ნათელია. ინგლისური პასუხი აქ არის „stakeholder alignment workshop“ — აქ კი stakeholder-ები არ არიან. არის მფლობელი თავისი აზრით.

რა ვქნათ სანაცვლოდ: მიზანზე ნუ „შეთანხმდები“ — დაწერე და დაამტკიცებინე. დაწერე მფლობელის ენით: შეკვეთები, თვის ბოლოს დარჩენილი ფული, ნაპასუხები ზარები. არა CPL, არა ROAS. მარკეტპლეისის შემთხვევაში, სადაც „გაყიდვა“ საიტზე არ ხდება, აირჩიე მიკრო-კონვერსია, რომელიც ზრახვას აჩვენებს — მაგალითად, „ნომრის ნახვა“ — და ოპტიმიზაცია ამაზე გააკეთე, არა ზოგად ტრაფიკზე.

30 დღეში: ერთი გვერდი. რისთვისაა ეს ანგარიში, რომელი რიცხვი წყვეტს, მუშაობს თუ არა, რა ვადაში და რას გააგზავნი ყოველთვიურად. გაუგზავნე მფლობელს და სთხოვე ერთი წინადადებით დათანხმება — მეილით ან WhatsApp-ით. თუ უარს გეტყვის, ეს უარიც მიგნებაა: ჩაიწერე თარიღით.

მიზნის გარეშე შენი ანგარიში გაურკვეველია — და გაურკვეველ ანგარიშზე გადაწყვეტილებას სხვა იღებს.

2. მოგების გაზომვა

ანგარიშს შეუძლია ყოველთვე ROAS-ის მიზანს მიაღწიოს, ბიზნესი კი ამ დროს ფულს კარგავდეს. სანამ საბანკო ანგარიშიდან არ გაზომავ, ვერ გაიგებ, რომელი ხდება.

Platform ROAS მწვანეა. რეპორტი კარგად გამოიყურება. მაგრამ არავის გაუვლია ხაზი დახარჯული ლარიდან წმინდა შემოსავლამდე — თვითღირებულების, ხარჯებისა და გადასახადების შემდეგ. ერთ ელ-კომერციაში მთავარი მიზანი gross profit იყო — რიცხვი, რომელიც შეიძლება იზრდებოდეს მაშინ, როცა კომპანია კვდება.

რატომ რჩება ასე: პლატფორმა გაძლევს რიცხვს, რომელიც პასუხს ჰგავს. უფასოა, საათობრივად ახლდება და მთელი ინდუსტრია იყენებს. მისი ეჭვქვეშ დაყენება ზედმეტი პრობლემის გამოგონებას ჰგავს. რიცხვი კი, რომელიც უნდა ჩაანაცვლოს, მოითხოვს მარჟას — რასაც კლიენტი კონფიდენციალურად თვლის.

რა გავაკეთეთ ბილეთების პლატფორმაზე — და ეს ერთადერთი სრულად დოკუმენტირებული „მანამდე და მერე“ მაქვს: გადავედით MER-ზე (Marketing Efficiency Ratio — მთლიანი შემოსავალი გაყოფილი მთლიან სარეკლამო ხარჯზე) და profit ROAS-ზე. ყოველი დახარჯული თეთრი წმინდა შემოსავალს მივაბით. ფინანსური დეპარტამენტიდან ავიღეთ ბენჩმარკები და ბიუჯეტი იმ პროდუქტებზე, სერვისებსა და მიმართულებებზე გადავანაწილეთ, რომლებიც რეალურად ფულს აკეთებდნენ. მენეჯმენტის კითხვა — „ამ კონკრეტულმა რეკლამამ რამდენი მოიტანა?“ — გაქრა, რადგან კითხვა შეიცვალა: რამდენი დავხარჯეთ და რამდენი დაგვრჩა.

MER ჩემი გამოგონება არაა — ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა საერთაშორისო ბაზრებზე. ქართული ნაწილი სხვაგანაა:

  • MER აქ უფრო ერგება, ვიდრე იქ. Platform ROAS ტრეკინგზეა დამოკიდებული. MER — საბანკო ანგარიშზე. საქართველოს ცუდი ტრეკინგი და რეალური საბანკო ანგარიში აქვს.
  • მარჟის ნაცვლად იკითხე დიაპაზონი. „100 ლარის გაყიდვიდან 30 ლარზე მეტი გრჩება თუ ნაკლები?“ ადამიანი, რომელიც მარჟას არ გეტყვის, დიაპაზონს გიპასუხებს — დიაპაზონი გამჟღავნებად არ ითვლება. შენ ზუსტი ციფრი არ გჭირდება, გჭირდება ქვედა ზღვარი.

30 დღეში: მიიღე მარჟის დიაპაზონი. ბიზნესის მთლიანი თვიური შემოსავალი აიღე ბუღალტერიიდან და არა პლატფორმიდან — ასე ნაღდი ფულიც ავტომატურად შედის. დაითვალე MER და ერთი თვე რეპორტში platform ROAS-თან ერთად აჩვენე. სხვაობა ორ რიცხვს შორის არგუმენტს შენ მაგივრად გააკეთებს.

მოგების გაზომვის გარეშე ანგარიში შეიძლება მწვანე იყოს, ბიზნესი კი — არამომგებიანი.

3. პროდუქტის ეკონომიკა

სარეკლამო ბიუჯეტი მიჰყვება იმას, რისი „დაწოლაც“ კომერციულ გუნდს მოუნდება — იმიტომ, რომ კატალოგი არავის დაულაგებია იმის მიხედვით, რეალურად რას გამოიმუშავებს.

ათასობით SKU, ათეულობით კატეგორია, gross profit-ის ტრენდებს შორიდან ადევნებ თვალს, unit economics არ არსებობს. ერთ ელ-კომერციაზე ამას პირდაპირ ვამბობდით: unit economics-ზე არაფერი ვიცოდით. ბიუჯეტი მიდიოდა იმ პროდუქტებზე, რომლებიც სეზონში იყო, საწყობში ეწყო ან ვიღაცას ახსოვდა.

რატომ რჩება ასე: სტანდარტულ მეთოდს (stars / opportunity / zombies) სჭირდება თვითღირებულება, და მისი თხოვნა ბიზნესის წიგნების ნახვის თხოვნას ჰგავს. ამიტომ სპეციალისტი იმით მუშაობს, რაც ჩანს — შემოსავლით და კლიკებით — და ჩუმად ოპტიმიზაციას აკეთებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც იყიდება, და არა იმაზე, რომლებიც გამოიმუშავებს. პლატფორმაში ორივე ერთნაირად გამოიყურება.

საკონტროლო მაგალითი: მეორე დიდმა ელ-კომერციამ, ასობით კატეგორიით, Google Shopping-ის დაწყებამდე თავად მომცა ის 5–10 კატეგორია, საიდანაც შემოსავლის უმეტესობა მოდიოდა. 20/80-ის ეს ცოდნა იყო სტრატეგია. და ეს ჩემი ყველაზე კმაყოფილი კლიენტია.

რა ვქნათ სანაცვლოდ:

  • დაალაგე კატეგორიის დონეზე, არა SKU-ის. ამხელა კატალოგზე ცალკეული პროდუქტი მონაცემს არასდროს დააგროვებს — არც $5K-ზე, არც $50K-ზე.
  • დაიწყე მფლობელის ინტუიციიდან. მან იცის, რა იყიდება, მაშინაც კი, როცა სხვა არაფერი იცის.
  • დაალაგე ფასით, არა მარჟით. Shopping ფასების შედარების ადგილია. აჩვენე თითოეული კატეგორიის ყველაზე იაფი პროდუქტები და ძვირი პროდუქტები გამოიტანე განთავსებიდან. CTR იზრდება და თვითღირებულების ცოდნა საერთოდ არ გჭირდება.

30 დღეში: ჰკითხე მფლობელს ტოპ კატეგორიები შემოსავლით — როგორც საუბარი, არა როგორც მონაცემების მოთხოვნა. ფიდი სამ კალათად დაყავი: დამტკიცებული გამყიდველები, ტესტი, გამორიცხული. თითოეულ კატეგორიაში ფასის წესი გამოიყენე და CTR-ის ცვლილება კატეგორიის დონეზე გაზომე.

პროდუქტის ეკონომიკის გარეშე ბიუჯეტი გაფანტულია — ყველგან ცოტა, არსად საკმარისად.

4. კრეატივის ამოცანა

კრეატივი იმიტომ კი არ ფუჭდება, რომ ცუდია, არამედ იმიტომ, რომ არავინ შეთანხმდა, რა სამუშაოს ასრულებს. შეფასების სისტემის გარეშე ამას ვერ დაამტკიცებ — და ოთახში ყველაზე ხმამაღალი აზრი იგებს.

ბრენდული ვიდეო ეშვება lead-gen ობიექტივზე. Hard-sell სტატიკები — awareness-ზე. ერთი და იგივე კონცეფციები თვეობით ტრიალებს, სანამ CPL არ აიწევს, და creative fatigue-ს ფულის დახარჯვის შემდეგ აღმოაჩენ, არა მანამდე.

სახლის დეკორის ბრენდზე ორი წლის განმავლობაში ძალიან ესთეტიკური ვიდეოები ეშვებოდა — ლამაზი სცენარი, ზოგადი მესიჯი, ფასი არსად, CTA არსად. Engagement-ს მოჰქონდა, გაყიდვას — არა. შემდეგ, კონტენტ-გუნდის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში მხოლოდ სტატიკები: შობა, აღდგომა, Black Friday — ყველაზე სუსტ ასეტზე.

რატომ რჩება ასე — და ეს მთელი ფრეიმვორქის ყველაზე მკაფიო მაგალითია: ბუტიკ საცხოვრებელ პროექტზე ვიცოდი, რომ კრეატივი ობიექტივს არ ერგებოდა. მთავარი გმირი კადრში საუბრობს, რა კარგია ამ პროექტში ცხოვრება — და არც CTA, არც კონკრეტული სარგებელი. დასამტკიცებელი ფრეიმვორქი არ მქონდა. ამიტომ მენეჯმენტის აზრმა ავტომატურად გაიმარჯვა, არასწორი კრეატივი გაეშვა, სამ თვეში ხუთნიშნა ბიუჯეტი დაიხარჯა და არცერთი ბინა არ გაყიდულა. ნდობაც ფულთან ერთად წავიდა.

რაც აკლდა, სიმამაცე არ იყო. შეფასების სისტემა აკლდა.

რა ვქნათ სანაცვლოდ:

  • გადაწყვიტე ყველაზე სწრაფი სიგნალებით. Impression, video view, landing page view დღეებში გროვდება; ყიდვა და ლიდი — კვირებში. მიმართულება გადაწყვიტე hook rate-ით, hold rate-ით, CTR-ით, cost per landing page view-ით, cost per add-to-cart-ით. კონვერსიის მონაცემი გამოიყენე დასადასტურებლად და ვეტოდ, არა მთავარ სიგნალად.
  • ტესტავე მიმართულება, არა ვარიანტები. ₾5,000-ზე სათაურის A/B ტესტს ვერ დააფინანსებ. სამაგიეროდ შეგიძლია ტესტო: აქვს თუ არა რეკლამას ფასი; საუბრობს თუ არა ადამიანი კამერასთან; ჩანს თუ არა CTA პირველ სამ წამში.
  • განაახლე frequency-ისა და CPM-ის ცვლილებით, არა შედეგის დაცემით. სანამ ეს CPL-ში გამოჩნდება, ერთი თვე უკვე დაწვი.

30 დღეში: ააწყე შეფასების ცხრილი: ხუთი მეტრიკა, თითოეულს ზღვარი, და ბოლო სვეტი — winner / potential / kill. ამ კვირაში ყველა აქტიური რეკლამა შეაფასე და ქვედა მესამედი გამორთე. შემდეგ ცხრილი მიიტანე იმასთან, ვინც კრეატივს გაწვდის, და შეთანხმდით, რომ შემდეგი ბრიფი ამ ცხრილის მიხედვით დაიწერება. სწორედ ეს ნაბიჯი აქცევს შეფასების სისტემას გადაწყვეტილების უფლებად.

შეფასების სისტემის გარეშე კრეატივი არათანმიმდევრულია — ვიდეო ერთს ამბობს, კამპანია მეორეს ითხოვს.

5. მომხმარებლის პროფილი

Andromeda-ს შემდეგ კრეატივი თავად არის ტარგეტინგი. რეკლამა, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის არ დაწერილა, უბრალოდ ცუდად კი არ მუშაობს — ის არასწორ მყიდველს არჩევს და გაყიდვების გუნდს გადასცემს ლიდს, რომელიც არასდროს იყიდდა.

ერთ დეველოპერულ პროექტზე კრეატივის 80% დასრულებული შენობის 3D რენდერები იყო. შენობა კი დასრულებიდან ორი წლით იყო დაშორებული. შედეგად შემოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც მომავალ თვეში გადასვლა უნდოდათ. ალგორითმმა ზუსტად ის გააკეთა, რაც კრეატივმა სთხოვა — უბრალოდ, კრეატივი არასწორ ადამიანს ეძახდა.

რამდენიმე წლის წინ ცუდ კრეატივს კარგი ტარგეტინგით ასწორებდი. დღეს — აღარ. Meta-ც და Google-იც ღიად ამბობენ: მომეცი კონტენტი, მიწოდებას მე მივხედავ.

რატომ რჩება ასე: ICP-ის ასაწყობი ინგლისური მეთოდი CRM-ით, ყიდვების ისტორიითა და რევიუების ანალიზით იწყება. აქ არცერთი არ არსებობს. ამიტომ ეს ნაბიჯი ჩანაცვლების ნაცვლად უბრალოდ გამოიტოვება — და შეცდომა გაყიდვების გუნდის ინბოქსში ჩნდება, სადაც მარკეტოლოგი ვერ ხედავს.

რა ვქნათ სანაცვლოდ: გაყიდვების გუნდი და მფლობელი არიან შენი CRM. ICP ააწყე სტრუქტურირებული ინტერვიუთი და არა მონაცემთა ბაზიდან. შეამოწმე ლიდების ხარისხის კომენტარებით, არა კონვერსიის შედეგით — კომენტარი იმავე დღეს მოდის, შედეგი — შემდეგ კვარტალში. ზემოთ ხსენებული დეველოპერის პრობლემა მთლიანად გაყიდვების გუნდის უკუკავშირით დადგინდა და არცერთ დეშბორდში არ ჩანდა.

30 დღეში: ორ გამყიდველთან 30-30 წუთი. სამი კითხვა: ვინ ყიდულობს რეალურად? ვინ გართმევს დროს? რა სჯერა ლიდებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება? თითოეულ სეგმენტზე ერთი გვერდი დაწერე და შემდეგი ბრიფი ამის მიხედვით გადაწერე.

მომხმარებლის პროფილის გარეშე მესიჯი ზედაპირულია — ყველას ელაპარაკება და ვერავის აჯერებს.

რატომ არ არის ამ ფრეიმვორქში ტარგეტინგი

ყველა ქართულ კურსში ყველაზე მეტად ნასწავლი თემა აქ ცალკე რგოლად არ არის. ეს შემთხვევითი არ არის.

ტარგეტინგი არ გამქრალა — გადავიდა. დღეს აუდიტორიაზე ორი ბერკეტი დაგრჩა: ვისთვისაა დაწერილი კრეატივი (რგოლი 5) და რა აუდიტორიის აუზი გაქვს უკვე აგებული (რგოლი 8). ინტერესების დაწყობა, დეტალური დემოგრაფიული ფილტრები, lookalike-ის პროცენტებით თამაში — ეს ის თემებია, რომლებზეც მიწოდებას ახლა ალგორითმი წყვეტს.

6. ოფლაინ გაყიდვები

სადაც შემოსავლის დიდი ნაწილი ნაღდია, მაღაზიაშია ან ტელეფონით ხდება, ატრიბუცია პრობლემა კი არ არის, რომელსაც გადაჭრი — ეს პირობაა, რომელსაც გვერდს უვლი. ვინც მის გადაჭრას ცდილობს, წლობით ბრმად რჩება.

სახლის დეკორის ბრენდზე შემოსავლის დაახლოებით 80% ფიზიკურ მაღაზიებში მოდიოდა. პირველ წლებში ჩემს შედეგს მაღაზიების გაყიდვებით ვაფასებდი — და ვერ ვამტკიცებდი, მყიდველი რეკლამამ მოიყვანა თუ უბრალოდ ვიტრინას მოჰკრა თვალი. ლიდ-გენის პროექტებზე იგივეა: გაყიდვა ტელეფონზე ან გამყიდველის თავში ხდება.

აქედან მოდის მარკეტინგისა და გაყიდვების მუდმივი ომი: მარკეტინგი ამბობს, ლიდი გამყიდველმა გააფუჭა; გამყიდველი ამბობს, ლიდი თავიდანვე ცუდი იყო. მტკიცებულება არცერთ მხარეს აქვს, ამიტომ დავას ის იგებს, ვინც უფრო მაღლაა.

რატომ რჩება ასე: მთელი ინდუსტრია ატრიბუციას ტექნიკურ პრობლემად ასწავლის, ტექნიკური გადაწყვეტით: შეაერთე CRM, შეიტანე ოფლაინ კონვერსიები, დაიჭირე GCLID. როცა ეს გადაწყვეტა ხელმიუწვდომელია და ასეც დარჩება — მომდევნო გვერდი აღარ არსებობს. სპეციალისტი ელოდება CRM-ს, რომლის ყიდვაზეც მენეჯმენტმა უკვე უარი თქვა.

რა ვქნათ სანაცვლოდ — აქ ადაპტაცია კი არა, ჩანაცვლებაა:

  • კითხვარი. სახლის დეკორის ბრენდზე მაღაზიაში მყიდველებს პირდაპირ ვკითხეთ. შედეგი: დაახლოებით 20–25% რეკლამამ მოიყვანა. დღეები დასჭირდა და არაფერი დაჯდა. ეს კოეფიციენტია, რომელსაც შემდეგ ყველგან იყენებ.
  • გაყიდვების გუნდის ტეგი. შეთანხმდით, რას ნიშნავს „კვალიფიციური ლიდი“ (მაგ.: ლიდი შეივსო და გამყიდველთან საუბარი შედგა), და გამყიდველი თითოეულ ლიდს ამ განმარტებით ნიშნავს. ყველაფერი, რაც ამის შემდეგ ხდება, მარკეტინგის კონტროლს გარეთაა.
  • შეთავაზება, როგორც საზომი ხელსაწყო. პრომო, რომელიც მხოლოდ ერთ არხზე რეკლამდება — ყველა, ვინც ის გამოიყენა, იქიდან მოვიდა.
  • გეო ან დროითი holdout-ები მომხმარებლის დონის ატრიბუციის ნაცვლად.

და ყველაზე მნიშვნელოვანი: ატრიბუციას ჩაანაცვლე ცდომილების დიაპაზონით და ხმამაღლა თქვი. ინგლისურ ბაზარზე სანდოობას სიზუსტით ყიდულობ. აქ — იმით, რომ არაზუსტობას შენ თვითონ აღიარებ, სანამ სხვა აღმოაჩენს. „მაღაზიის მყიდველების დაახლოებით მეხუთედი ჩვენგან მოდის, ±10 პუნქტი, და აი, როგორ დავითვალე“ — ეს სჯობს დეშბორდის რიცხვს, რომელიც არავის სჯერა.

30 დღეში: აირჩიე ყველაზე იაფი ხელსაწყო, რასაც ბიზნესი აიტანს — ჩვეულებრივ, ერთი კითხვა თითოეულ მყიდველს ან დამრეკს ორი კვირის განმავლობაში. შედეგი წარადგინე დიაპაზონით და აუხსენი, რატომ არის დიაპაზონი პატიოსანი პასუხი.

ოფლაინ გაყიდვების ხედვის გარეშე სურათი არასრულია — და გადაწყვეტილებებს მისი მეხუთედით იღებ.

7. გვერდი + შეთავაზება

ქართულ Performance მარკეტინგში ყველაზე ძვირი შეცდომა რეკლამის ანგარიშში არ ხდება. და მასში შენ დაგადანაშაულებენ, სანამ ვერ შეაფასებ, ფასს ვერ დაადებ და ვერ მიიტან იმასთან, ვისაც გამოსწორების უფლება აქვს.

ეს რგოლი პირველია ორივე რეიტინგში — როგორც დახარჯული ბიუჯეტით, ისე იმით, თუ რამდენად ხშირად და მძიმედ ფუჭდება. ერთადერთი შედეგია, რომელიც ორივე მეთოდით ერთნაირად გამოდის.

სამი მაგალითი:

  • ავიაბილეთების პლატფორმა. რეკლამა კარგ ტრაფიკს მოიყვანდა, მომხმარებელი ფრენას ეძებდა — და ძებნა რამდენიმე წუთი იტვირთებოდა, ფასები კი ბაზარზე მაღალი იყო. ძებნის შემდეგ კონვერსია თითქმის ნული იყო, ორი წლის განმავლობაში. ერთადერთი, რამაც კონვერსია ოდნავ შეარხია, კონკრეტული ბარათით 20%-იანი ფასდაკლება იყო — ორი კვირით.
  • სახურავების ლიდ-გენი. საიტი ელ-კომერციის შაბლონზე იყო აწყობილი კატალოგისთვის — ფორმის გარეშე. ერთადერთი ლიდის წყარო ჰედერში ნომერი იყო. ტრაფიკი ხარისხიანი იყო, სესიები 3–4 წუთი გრძელდებოდა, ლიდები კი იღვრებოდა.
  • სახლის დეკორის ბრენდი. აქ ფიქსი იყო. მენეჯმენტს ონლაინ გაყიდვები უნდოდა, მაგრამ ტანსაცმლის მსგავსად, დეკორსაც ხელით შეხება უნდა. ჩემი არგუმენტი: თუ ადამიანს მაღაზიის ნაცვლად საიტზე გინდა, მიზეზი უნდა მისცე. გავუშვით „ღამის შოპინგი“ — 12-საათიანი ექსკლუზიური პრომო მხოლოდ ონლაინ, საიტზე countdown pop-up-ით, უფასო მიწოდებით 100 ლარის ზემოთ, და email + SMS სეკვენციით თბილ აუდიტორიაზე. თვენახევარში 4–5-ჯერ გავიმეორეთ. იმ თვეში ონლაინ მაღაზიის შემოსავალმა ხუთიდან სამ ფიზიკურ მაღაზიას გადააჭარბა.

რატომ რჩება ასე: პრობლემას ხედავ. მაგრამ სტრუქტურირებული გზა არ გაქვს, რომ მისი ზომა შეაფასო, ფასი დაადო და იმას მიუტანო, ვინც ცვლილებას დაამტკიცებს. თან საიტი ააწყო მფლობელმა, მისმა ბიძაშვილმა ან სააგენტომ, რომელთანაც დღემდე მეგობრობს — ანუ საქმე ტექნიკურამდე პოლიტიკურია.

რა ვქნათ სანაცვლოდ:

  • ჯერ ტრიაჟი, მერე ტესტი. წუთობით ჩატვირთვას და დაკარგულ ფორმას ექსპერიმენტი არ სჭირდება — სჭირდება, რომ ვინმემ შეხედოს.
  • მიიტანე მტკიცებულება, რომელსაც მფლობელი ვერ შეედავება. სესიების ჩანაწერი ფანელის გრაფიკს სჯობს. მფლობელი, რომელსაც დეშბორდი არასდროს წაუკითხავს, 30 წამს უყურებს, როგორ ვერ პოულობს რეალური ადამიანი ფორმას მის საიტზე.
  • შეთავაზება ის ბერკეტია, რომელიც ნამდვილად შენს ხელშია. საიტის გადაკეთებას, ჩვეულებრივ, ვერ შეძლებ. იმის შეცვლას, რაც საიტზე დევს — ხშირად შეძლებ.

30 დღეში: 90-წუთიანი ტრიაჟი: ჩატვირთვის დრო, არის თუ არა ფორმა, ფასი ორ კონკურენტთან შედარებით, რამდენი ნაბიჯია კონვერსიამდე. ჩაწერე 20 სესია. აირჩიე ერთი ყველაზე ცუდი რამ, მიამაგრე ჩანაწერი და თვიური ფასი, და გაგზავნე თარიღიანი წერილით. შემდეგ შესთავაზე ერთი ცვლილება შეთავაზებაში, საიტის შეხების გარეშე — ის ვერსია, რომელზეც ამ კვირაში „კი“ შეიძლება გითხრან.

გვერდისა და შეთავაზების გარეშე კარგი ტრაფიკი ჩიხში შედის — და ბრალს რეკლამას სდებენ.

8. ლოკალური სტრატეგია

აუქციონზე, სადაც სამი მოთამაშეა, კონვერსიებს ეფექტურად კი არ ყიდულობ — კონკურენტს კლიკს ართმევ. და ყველა ბიდინგის რეკომენდაცია, რომელსაც მიიღებ, საპირისპიროს ვარაუდობს.

ბილეთების პლატფორმაზე Google-ის ყველა ანგარიშის მენეჯერი გვირჩევდა Search კამპანიებზე Maximize Clicks-დან tROAS-ზე, tCPA-ზე ან value-based bidding-ზე გადასვლას. არ გადავედით. მიზეზი მონაცემების ნაკლებობა არ ყოფილა — კონვერსიები გვქონდა. მიზეზი ის იყო, რომ ორი დიდი მოთამაშის ბაზარზე ყოველი მარკეტინგული აქტივობის მიზანი პოზიციის გამყარება იყო. თუ რელევანტურ ძებნაზე მომხმარებელი ჩვენ არ დაგვაჭერდა, კონკურენტს დააჭერდა.

ამიტომ: Maximize Clicks, CPC-ის ზღვრით — საშუალო CPC-ზე 3–5-ჯერ მეტი. მაქსიმალური click share აუქციონზე და დაცვა ანომალიებისგან.

იმავე ლოგიკით მუშაობს Shopping-ზე ფოკუსირებული ელ-კომერცია: ჩემი მთავარი KPI იყო Search Impression Share 90%-ზე მეტი, ხოლო მთავარი სამუშაო — სეზონურობის წინასწარ დანახვა (მაგ.: გაზაფხულზე აუზებზე მოთხოვნის ზრდა) და ბიუჯეტის დროულად მორგება.

ამ რგოლში კიდევ ოთხი მექანიზმია:

  • ჭერი რეალურია და სწრაფად მოდის. B2B სტუდიაზე Meta-ს პირველმა თვემ მაღალბიუჯეტიანი კლიენტი მოიტანა. მომდევნო თვეებმა — არაფერი. ქართული ბაზარი ამ რესურსით მეორე თვეში ამოიწურა, ბიუჯეტი კი თვეობით იხარჯებოდა.
  • მხოლოდ Meta — ეროვნული სტანდარტია, მეორე არხში კი წილია. ერთ ელ-კომერციაზე მთელი ბიუჯეტი Meta-ზე იყო, სანამ კონკურენტი Google Shopping-ზე, YouTube-სა და email/SMS-ზე არ გამოჩნდა. ეს ცივი შხაპი იყო, რომელმაც კომპანიის ტრაექტორია შეცვალა.
  • ფიდი ინფრასტრუქტურაა და არა ერთჯერადი საქმე. იმავე ელ-კომერციამ Merchant Center-ში ტოპ 50 პროდუქტი ხელით ატვირთა. ეს ხანძრის ჩაქრობა იყო, არა სისტემა.
  • თუ აუზს არ აგებ, არაფერი გროვდება. ორ ანგარიშზე ყველა კამპანია ცივად იწყებოდა, remarketing-ის გარეშე. სახლის დეკორის ბრენდზე კი video view და landing page view კამპანიები ფონზე წლობით აგროვებდნენ თბილ აუდიტორიას — სწორედ ამიტომ მუშაობდა „ღამის შოპინგი“. ბაზარზე, სადაც ძებნის მოცულობას ჭერი აქვს, აგებული აუდიტორია ერთადერთი აქტივია, რომელსაც ეს ჭერი არ ზღუდავს.

რა ვქნათ სანაცვლოდ: Impression share, როგორც მთავარი KPI. ჭრის მოდელირება. არხების თანმიმდევრობა, არა დივერსიფიკაცია — ერთი არხი გაჯერებამდე მიიყვანე და მერე გახსენი შემდეგი. ₾5,000-ის სამ პლატფორმაზე გაყოფა სამ სუსტ ანგარიშს გაძლევს.

30 დღეში: აიღე impression share და ძებნის მოცულობა. ჭერი ერთ ხაზზე დაითვალე: ხელმისაწვდომი ძებნები × მიღწევადი წილი × კონვერსიის მაჩვენებელი. თუ 90%-ზე ქვემოთ ხარ — გადადი Maximize Clicks-ზე CPC-ის ზღვრით და დაიცადე სწავლის პერიოდი. თუ 90%-ზე ხარ — მეტი ბიუჯეტის თხოვნა შეწყვიტე და დაწერე, რატომ. ეს ჩანაწერი კამპანიის ცვლილებაზე მეტი ღირს.

⚠️ გაფრთხილება: ეს რგოლი მესამეა ფულით, მაგრამ მერვე — გამოსწორების რიგით. ბიდინგი შეცვალე მანამდე, სანამ წმინდა შემოსავალს გაზომავ (რგოლი 2), და ერთი ვარაუდი უფრო ძვირით ჩაანაცვლე.

ლოკალური სტრატეგიის გარეშე პატარა ბაზარზე დიდი ბაზრის წესებით თამაშობ — და შენი ანგარიში შაბლონურია.

9. შენი ხმა

ამ ფრეიმვორქში ყველა შეცდომა დიაგნოსტირებადი იყო, სანამ ძვირი გახდებოდა. ძვირი გახადა იმან, რომ სპეციალისტმა არგუმენტი ვერ ააწყო და ცდა შეწყვიტა.

ერთხელ ამბობ, შეხვედრაზე, სიტყვიერად. მენეჯმენტი არ რეაგირებს. აღარ იმეორებ — კლიენტი არაპრიორიტეტულია, ან მორცხვობ, ან „უბრალოდ არ უნდოდათ მოსმენა“. ექვსი თვის შემდეგ იგივე პრობლემა განხილვის დღის წესრიგშია, შენი სახელით გვერდით.

სახურავების ლიდ-გენზე ვიცოდი, რომ ლიდ-გენის ფანელი ელ-კომერციის შაბლონზე სისულელე იყო. ხმამაღლა არ ვთქვი — ცოტა მორცხვი ვიყავი და კლიენტი ჩემთვის დაბალი პრიორიტეტი იყო. ორ დეველოპერულ პროექტზე ვთქვი — და არ მომისმინეს.

რატომ რჩება ასე: სამიდან ორ შემთხვევაში არ მქონდა მტკიცებულება — ფრეიმვორქი, რომ პრობლემის ზომა მეჩვენებინა. ჩემი აზრი ჩემი აზრის წინააღმდეგ იდგა და იმარჯვებდა თანამდებობა. მესამეში არ მქონდა ნება. ამ ორის პატიოსნად გარჩევა ხდის ამ რგოლს სასწავლად და არა ლექციად თავდაჯერებულობაზე.

აქ ადაპტირებელი სტანდარტული პასუხი არ არსებობს. Paid media-ს განათლება ნებისმიერ ენაზე ტაქტიკას ასწავლის. იმას, თუ როგორ აიძულო ბიზნესი იმოქმედოს იმაზე, რაც იპოვე — არ ასწავლის.

რა ვქნათ სანაცვლოდ:

  • მიიტანე გადაწყვეტილება ფასით, არასდროს დეშბორდი. „ეს თვეში დაახლოებით ₾4,000 გიჯდება“ — მუშაობს. Ads Manager-ის სქრინშოტი — არა.
  • დაწერე ერთხელ, თარიღით. სიტყვიერი უკუკავშირი, რომელიც უგულებელყვეს, კვალს არ ტოვებს — და მოგვიანებით ბრალი შენზე რჩება. თარიღიანი ერთი აბზაცი „ვახსენე“-ს მტკიცებულებად აქცევს და ცვლის, ვის ეკისრება შედეგი.
  • ილაპარაკე მფლობელის ერთეულებით. შეკვეთები, მაღაზიაში შემოსული ხალხი, თვის ბოლოს დარჩენილი ფული. არასდროს CPL, ROAS ან impression share.
  • იცოდე, როდის შეწყვიტო. ერთ-ერთ დეველოპერთან თანამშრომლობა მე თვითონ დავასრულე. ეს სწორი იყო. ამ ბაზარზე ბევრს არასდროს უთქვამს, რომ წასვლა ლეგიტიმური პროფესიული ნაბიჯია.

30 დღეში: თითო ანგარიშზე ერთი თარიღიანი წერილი. დაასახელე ყველაზე დიდი გამოუსწორებელი რამ, თქვი, თვეში რა ჯდება, რას გირჩევ — და გაგზავნე. ეს მთელი ინტერვენციაა. წერილი ან გადაწყვეტილებას მოიტანს, ან ჩანაწერს. ორივე სჯობს იმას, რაც ახლა გაქვს.

შენი ხმის გარეშე შენ დადუმებული ხარ — და დანარჩენი რვა რგოლი ქაღალდზე რჩება.

რიგი, რომლითაც ეს ფულს წვავს ≠ რიგი, რომლითაც უნდა გაასწორო

ზემოთ რგოლები იმ რიგით ჩამოვწერე, როგორც ისინი სურათზეა. მაგრამ ორი სხვა რიგი უფრო მნიშვნელოვანია.

რამდენ ფულს წვავს (დახარჯული ბიუჯეტით, 13 ანგარიშზე):

  1. გვერდი + შეთავაზება
  2. მოგების გაზომვა
  3. ლოკალური სტრატეგია
  4. განსაზღვრული მიზანი
  5. პროდუქტის ეკონომიკა
  6. ოფლაინ გაყიდვები
  7. მომხმარებლის პროფილი
  8. კრეატივის ამოცანა
  9. შენი ხმა

რა რიგით უნდა გაასწორო (რა უნდა იყოს მართალი, სანამ შემდეგი იმუშავებს):

  1. განსაზღვრული მიზანი — საწყისი წერტილი
  2. ოფლაინ გაყიდვები — უნდა იცოდე, რას ვერ ხედავ
  3. მოგების გაზომვა — მოდელი, რომელიც ამ ბრმა წერტილებს უძლებს
  4. პროდუქტის ეკონომიკა — ანგარიშის დონის მნიშვნელი პროდუქტის დონისთვის
  5. გვერდი + შეთავაზება — როცა დაამტკიცებ, რომ ბოთლის ყელი კლიკის შემდეგაა
  6. მომხმარებლის პროფილი — როცა იცი, რომელ სეგმენტსა და პროდუქტშია ფული
  7. კრეატივის ამოცანა — როცა ბრიფისთვის ICP არსებობს
  8. ლოკალური სტრატეგია — როცა შეგიძლია გაზომო, ბიდინგის ცვლილებამ ან ახალმა არხმა გაამართლა თუ არა
  9. შენი ხმა — ყველა დანარჩენში გადის; ასე მტკიცდება თითოეული

ერთი გამონაკლისი: გვერდის სწრაფი შემოწმება (ჩატვირთვა, ფორმა) პირველივე დღეს გააკეთე — 90 წამი სჭირდება და გაზომვას არ საჭიროებს.

ამ ორ სიას შორის სხვაობის ცოდნა — სამუშაოს უმეტესი ნაწილია.

რა აერთიანებს ცხრავეს

როცა 13 ანგარიში ერთად დავალაგე, ერთი ჯაჭვი ყველგან მეორდებოდა:

სპეციალისტს არ აქვს უნარი, ანგარიში გაზარდოს, და არ აქვს ფრეიმვორქი, ახსნას, რა ხდება → შედეგი ჩერდება → მენეჯმენტი ხედავს გაჩერებას და ადამიანს, რომელიც მას ვერ ხსნის → მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს უკან იბრუნებს → სპეციალისტი ასრულებს იმას, რაც თვითონ არ აურჩევია.

მენეჯმენტის მიკრომენეჯმენტი ქართული ბიზნესის თვითნებური კულტურა არ არის. ეს რაციონალური რეაქციაა მარკეტოლოგზე, რომელიც ვერ აჩვენებს, რომ შედეგს აკონტროლებს. ავტორიტეტის დაკარგვა სიმპტომია. მიზეზი — კომპეტენციის ხარვეზია.

მაგრამ ეს ბრალდება არ არის. ქართველი სპეციალისტები უარესები არ არიან. ინგლისურ ბაზარზე სტანდარტული ცოდნით მიაღწევ შედეგს, რადგან იქაური პირობები სახელმძღვანელოს ემთხვევა. აქ იმავე შედეგისთვის არასტანდარტული ცოდნაა საჭირო.

მასალა, რომელიც აქ კომპეტენტურს გაგხდიდა, არასდროს დაწერილა.

და ChatGPT ამას ვერ გადაჭრის. ის პასუხს მოგცემს — ხშირად კარგსაც, რადგან სწორედ ინგლისური მასალიდანაა აწყობილი. მაგრამ პასუხს მოგცემს, არა მოდელს. მოდელის გარეშე ვერ გაიგებ, როდის არის ზოგადად სწორი პასუხი შენთვის არასწორი. სწორედ ასე იწყება ზემოთ აღწერილი ჯაჭვი.

ცხრა კითხვა შენი ანგარიშისთვის

გადაავლე თვალი და პატიოსნად უპასუხე:

  1. არსებობს თუ არა დაწერილი, მფლობელის მიერ დადასტურებული განმარტება, რას ნიშნავს ამ ანგარიშისთვის წარმატება?
  2. იცი თუ არა MER, ან მინიმუმ — ბიზნესის მარჟის დიაპაზონი?
  3. იცი თუ არა, რომელი კატეგორიები მოაქვს შემოსავლის უმეტესობას — და შენი ბიუჯეტი იქ არის?
  4. გაქვს თუ არა სისტემა, რომლითაც წყვეტ, კრეატივი winner-ია, potential თუ kill?
  5. შეგიძლია თუ არა ერთ გვერდზე აღწერო, ვინ ყიდულობს — და დაწერილია თუ არა ბოლო ბრიფი ამის მიხედვით?
  6. თუ გაყიდვა ოფლაინ ხდება, გაქვს თუ არა კოეფიციენტი ცდომილების დიაპაზონით?
  7. გაგიკეთებია თუ არა გვერდის ტრიაჟი — და რა შეთავაზებას აძლევ ადამიანს, რომ ახლა იყიდოს?
  8. იცი თუ არა შენი ჭერი — და ხარ თუ არა უკვე მასთან?
  9. ბოლო პრობლემა, რომელიც დაინახე — დაწერილი სახით, თარიღით გაგზავნე?

რამდენზეც „არა“ უპასუხე, იმდენი რგოლი გაკლია.

რა გააკეთო ახლა

  1. დიაგნოზი. ზემოთ ცხრა კითხვას შენს ანგარიშზე უპასუხე.
  2. აირჩიე ერთი. არა ის, რომელიც ყველაზე ძვირია — ის, რომელიც გამოსწორების რიგში ყველაზე ადრეა.
  3. 30 დღე. გამოიყენე იმ რგოლის „30 დღეში“ ნაწილი. ერთი რგოლი, ერთი თვე.

— გუკა

გჭირდება აუდიტი? მომწერე

WhatsApp

როცა ახალ სტატიას გამოვაქვეყნებ, პირველს შენ მიიღებ.

No Spam. გამოწერას გააუქმებ ერთი კლიკით.